"ვთავაზობთ ორივე პარტიას შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია"

2022-04-13 18:43:14

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ნათია შელეგია რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ავტობუსების დანიშვნა მისასალმებელია, თუმცა ეს მოსახლეობის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

საჭიროა ავტობუსები დაინიშნოს რამდენიმე მიმართულებით.

"რუსთავი-თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის ავტობუსების დანიშვნა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მისასალმებელია, თუმცა ეს ვერ მოაგვარებს რუსთაველების პრობლემას და მხოლოდ ერთი მიმართულებით ავტობუსების დანიშვნა ვერ გადაფარავს იმ პრობლემას, რომ დღეს მოსახლეობას უწევს გაძვირებული ტრანსპორტით გადაადგილება. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური საკითხია და ერთობლივ გადაწყვეტას საჭიროებს. თუმცა ჩვენს პარტიას აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამა შემუშავებული.

მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მოხდეს ავტობუსების ხაზის გაფართოება და დამატება. ასევე მნიშვნელოვანია ხანგრძლივ პერსპექტივაში მოხდეს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს მშენებლობა და მიკროავტობუსების დაგეგმარებასთან დაკავშირებით მოხდეს კორუფციული რისკების დაზღვევა და შესწავლა.

ჩვენი გუნდი ამ მიზნით თბილისს საკრებულოსა და რუსთავის საკრებულოშიც ორივე პარტიას ვთავაზობთ შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია, რომელიც იმსჯელებს და იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა რეალურად და სწრაფად მოგვარდეს ქალაქის პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის მოსახლეობისთვის",- განაცხადა ნათია შელეგიამ.

კითხვაზე, რამდენი ლარი უნდა გამოიყოს ან რამდენი ერთეული ავტობუსის შეძენა მოაგვარებს პრობლემას, შელეგია პასუხობს, რომ კომპლექსური საკითხია და უნდა მოხდეს კომისიის შექმნა, სადაც მერიასთან ერთად იმუშავებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები