"საშველი ალბათ საწარმოს მთლიანად საბოლოო დახურვაა"

2021-12-24 21:04:18

"საშველი ალბათ საწარმოს მთლიანად საბოლოო დახურვაა",- განაცხადა სოკოს საწარმოზე რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

კითხვა ქალაქში, განსაკუთრებით ახალ რუსთავში არსებულ უსიამოვნო სუნს ეხებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, სოკოს საწარმოში მიმდინარე პროცესების გამო დგება.

მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად გამოთქვას პრეტენზიას და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

ლაცაბიძის თქმით, სოკოს საწარმო "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის რესურსი ამოწურულია და აპირებს, რომ რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე საწარმოს სრული დახურვის საკითხი დააყენოს, იქამდე სანამ კომპანია კანონით გათვალისწინებულ ნორმებს არ დააკმაყოფილებს.

"მე და ლექსო დალაქიშვილს, როდესაც გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ვიყავით, მოსახლეობასთან ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და გადავწყვიტეთ სწორედ საწარმოს ხელმძღვანელობასთან გვქონოდა შეხვედრა და უშუალოდ გვეთქვა, ვართ ვიყავით დახმარებისთვის, რომ საწარმო არ გაჩერდეს, რადგან იქ მომუშავე ადამიანებს სამსახური არ დაეკარგათ.

ჩვენ მზაობა გამოვთქვით, რომ დავეხმარებოდით ყველა მიმართულებით, რათა ეს საწარმო პროცესი გამოსწორებულიყო. სამწუხაროა, რომ ბიზნეს ჰგონია, მისი განვითარება შეიძლება გადიოდეს მთელი ქალაქის დისკომფორტის ხარჯზე. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზაფხულში ეს არის აუტანელი.

დაუშვებელია და ჩემთვის მიუღებელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები გავიდა და მე ეს საკითხი ან არ მახსოვს, ან აქტუალური არ არის. ჩემთვის აქტუალურია ყველა საკითხი, რაც თითოეულ რუსთაველს შეიძლება აწუხებდეს. განსაკუთრებულად ახალ რუსთავში ეს პრობლემა დგას. მე თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს გარემოს დაცვის სამსახურთან, რომელიც ჩვენს რეგიონშია და არაერთხელ იყო ადგილზე მისული.

ბოლოს, როდესაც ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, ისევ კატეგორიულად და მკაცრად დავაყენეთ საკითხი, გაფრთხილების, დალუქვის მიუხედავად კომპოსტირების ნაწილი ფაქტია რომ ისევ მიდის, რადგან ქალაქში პერიოდულად გარკვეული სუნი დგას. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მხრიდან იყო პოზიცია, პროკურატურაში მეორედ გადაიგზავნა საკითხი და სწავლობს ამ თემას. მაგრამ ეს ჩვენთვის საშველი არაა. საშველი არის ალბათ საწარმოს მთლიანად საბოლოო დახურვაა, და არა კომპოსტირების ნაწილის, რომელზეც თავიდან იყო საუბარი, იქამდე სანამ არ გამოსწორდება საწარმოო პროცესი და არ მოექცევა იმ რეგულაციებში, რასაც უწესებს კანონი, ეს არის ძალიან სამწუხარო. რამდენიმე დღეში მექნება მინისტრთან შეხვედრა და ამ საკითხის დაყენებას ვაპირებ სხვა გარემოსდაცვის საკითხებთან ერთად.

ვფიქრობ, საწარმოს ხელმძღვანელთან კომუნიკაციას აზრი აღარ აქვს, ამოწურულია ყველანაირი მოლაპარაკებისა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრის რესურსი. ძალიან მკარი მიდგომებით გარემოს დაცვამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საწარმოს დახურვა და უნდა მოგვეხსნას ქალაქს ეს დისკომფორტი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ბოლო პერიოდში "ინფო რუსთავს" არაერთი რუსთაველი დაუკავშირდა და პრობლემის გაშუქება კიდევ ერთხელ სთხოვა. უსიამოვნა სუნთან დაკავშირებით ვესაუბრეთ თავად სოკოს საწარმოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ბერიძესაც, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა, რომ სუნი ქალაქში მათი საწარმოდან მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში შემოწმების დროს გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საწარმოს არ აქვს გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება (გზშ), რის გამოც სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" საწარმოო საქმიანობა შეუჩერდა და დაიხურა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები