რუსთავში სოკოს საწარმო დახურეს

2021-08-02 14:49:40

რუსთავში სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი" დახურეს. [ვიდეო/video]

აღნიშნული ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში დაუდასტურეს.

შემოწმების დროს ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საწარმოს არ აქვს გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება (გზშ), რის გამოც სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" საწარმოო საქმიანობა იქამდე შეუჩერდა, სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა.   

კომპანიას კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „თეთრმა ქუდმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სოკოს საწარმოში საქმიანობა კომპოსტის წარმოების მიზნით.

საქმიანობა უნდა შეჩერდეს, სანამ შპს „თეთრი ქუდი“ არ მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო, შესაბამის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას",- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს საღამოს საათებში ახალი რუსთავის თითქმის ყველა ქუჩაზე უსიამოვნო სუნი იდგა, რის შესახებაც "ინფო რუსთავს" უამრავმა ადამიანმა აცნობა და საკითხის კიდევ ერთხელ გაშუქება სთხოვა.

29 ივლის კი ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე და რუსთაველი პარლამენტარი, ალექსანდრე დალაქიშვილი საწარმო "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ცნობისთვის, გასულ წელს "სოკოს საწარმო" გარემოს ზედამხედველობის სამინისტრომ დარღვევების გამო 20 000 ლარითაც დააჯარიმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები