რუსთავში ფიზიკური დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი დაჭრეს [video]

2025-10-20 17:01:06

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში სამ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცს დანით ჭრილობა მიაყენეს. [ვიდეო/video]

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ახლა პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.