"რეფორმის წარმოდგენილი კონცეფცია მიუღებელია"

2025-10-20 11:24:50

16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა და მას შემდეგ სფეროს ექსპერტებისგან არაერთი კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ. 

რეფორმის კონცეფციის თანახმად , ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11-წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი.

რეფორმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა და მოქმედმა პედაგოგმა მამუკა ხამხაძემ, რომელიც ამბობს, რომ რეფორმის წარმოდგენილი კონცეფცია მიუღებელია, როგორც მეცნიერულად დაუსაბუთებელი მოსაზრება.

"განათლების სისტემა - პანდორას ყუთი?!

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა სწორედ განათლების სისტემაშია და მის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და პროფესიული ღირსება მავალდებულებს გამოვეხმაურო განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს. 

მიმაჩნია, რომ რეფორმის წარმოდგენილი კონცეფცია მიუღებელია, როგორც მეცნიერულად დაუსაბუთებელი მოსაზრება, რადგან მასში არ ჩანს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის ერთიანი ხედვა. კონცეფცია არ ითვალისწინებს ზოგადი განათლების სისტემის გამოწვევებს, არ ასახავს არც სკოლის საშუალო საფეხურის და არც პროფესიული განათლების ფუნქციას და ადგილს მომავალი განათლების სისტემაში. უმაღლესი განათლების გამოწვევების გადაჭრის წარმოდგენილი გზები კი  ერთობ ბუნდოვანია.    

მასწავლებლების, მენეჯერების და განათლების ექსპერტების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და სისტემის არსებული მონაცემები მაძლევს საფუძველს გამოვთქვა შემდეგი ვარაუდი:   

1. საფუძველსმოკლებულია ზოგადი განათლების საფეხურზე ბავშვის სწავლის პერიოდის შემცირება 12 წლიდან 11 წლამდე - ეს არ შეიძლება მოზარდის კოგნიტური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარების ასაკობრივი ფაქტორის და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ისევე როგორც არ შეიძლება 6 წლამდე ბავშვის სკოლაში მიღება. არ შეიძლება სახელმწიფო მხარს უჭერდეს 16-17 წლის ასაკში სკოლის დამთავრებას და ჩამოუყალიბებელი მოზარდის გაშვებას შრომით ბაზარზე - ასეთი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდებზე პასუხისმგებლობის მოხსნისა და მზრუნველობაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.    

2. შემოთავაზებული კონცეფცია ნაკლებად ან სულაც არ პასუხობს ზოგადი განათლების გამოწვევებს და არსებულ მოლოდინებს: კერძოდ, გაუგებარია, როგორ უნდა მივაღწიოთ განათლების ხარისხის გაზრდას სწავლების წლების შემცირებით? 
როგორ მივიღებთ უმაღლესი განათლების მაღალ ხარისხს, თუ ზოგად განათლებაში არ იქნება სათანადო ხარისხი? ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რადგან უმაღლეს განათლებაში წარმატება არ არსებობს ზოგად განათლებაში მიღწევების გარეშე.                                            

ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს უმაღლესში აბარებენ ახალგაზრდები, რომელთა დიდ ნაწილს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს და სასკოლო რეფორმის გარეშე რამდენიმე წლის პერსპექტივაში როგორ გაიზრდება უმაღლესი განათლების ხარისხი?  
არავისთვისაა საიდუმლო, რომ დღეს სკოლაში სამწუხაროდ სწავლობენ დემოტივირებული მოსწავლეები და ასწავლიან დემოტივირებული მასწავლებლები, რომ დღეს სკოლა ნდობადაკარგულია საზოგადოებისა და მოსწავლეების თვალში, რომ სასკოლო სისტემა თავისი შინაარსითა და ორგანიზაციული მოწყობით ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს. ასეთ ვითარებაში 11 წლიანი სწავლება ნამდვილად არ არის ის, რასაც საზოგადოება და მასწავლებლები, თუნდაც მოსწავლეები ელოდებიან სისტემის მესვეურებისაგან. თუ არ გვინდა ყველა უმაღლესში წავიდეს (და ნამდვილად არ გვჭირდება), რატომ არაფერია ნათქვამი პროფესიული განათლების როლზე ზოგად განათლებაში - პროფესიული განათლება ხომ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია?  შემოთავაზებული კონცეფცია კი არაფერს გვპირდება სასკოლო პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა სწავლების ვადის შემცირებისა.  

3. კონცეფციაში წარმოდგენილი თეზისები განათლების სისტემაში დამკვიდრებული არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების გაგრძელებაა. ისინი შეუთავსებელია ბოლო 5-7 წლის მონაკვეთში მიღებულ ცვლილებებთან. მაშინ, როცა არც ერთი ცვლილება ბოლომდე არაა მიყვანილი და შესწავლილ-გაზომილი, გაუგებარია 11 წლიან სწავლებაზე გადასვლის დაანონსება. ჯერ იყო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და მისი საპირწონე მექანიზმის შეუმუშავებლობა, მერე მისაღები საგამოცდო საგნების შემცირება (მათ შორის ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულობა). 10 წლიან საბაზო საფეხურზე გადასვლა, საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია თავისი პროფილური სწავლების დანერგვით, ასევე პროფესიული სწავლების დაანონსებული გაძლიერება შეუთავსებელია 11 წლიანი სწავლების ციკლთან. ამიტომ, ამ კონცეფციაზე დამყარებული რეფორმა ვერ იქნება დამაჯერებელი საზოგადოებისთვის და შედეგიანი, რადგან ის განათლების სისტემის სისტემური და კომპლექსური კვლევების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. აღარაფერს ვიტყვი 3+1 სისტემაზე და დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდობისათვის წვდომის შეზღუდვაზე.    

და ბოლოს, ცვლილებები განათლების სისტემაში საყოველთაო განხილვისა და შეთანხმების საგანი უნდა იყოს, რადგან განათლება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის მიღწევა განათლების სფეროში. ზოგად განათლებაში იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ მათ გადაჭრას კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების საერთო კონსენსუსი სჭირდება.

რეფორმის წარმატების წინაპირობა ხომ ის არის - საზოგადოებამ მიიღოს შეთავაზებული წამოწყება და მასში  დაინახოს მომავალი კეთილდღეობა და სიკეთე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმა კიდევ უფრო შეამცირებს ნდობას სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სკოლას შორის. თუ გვინდა უკეთესი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, სახელმწიფომ აუცილებელად უნდა შექმნას საზოგადოებრივი პლატფორმა განათლების სისტემის განვითარებაზე მსჯელობისათვის.    

დღეს სასკოლო სისტემა პანდორას ყუთს წააგავს და იმედს ვიტოვებ, მისი თავის ახდით ყუთიდან ამოსული „უბედურებების“ გარდა მასში დარჩენილი იმედი - მომავალი განათლებაშია - არ გაგვიცრუვდება",- წერს მამუკა ხამხაძე.