"30 წელია ეს კორპუსი წყალში დგას"

2021-12-17 16:40:46

"30 წელია ეს კორპუსი წყალში დგას. ამოტუმბეს რამდენჯერმე, თუმცა მაინც დგება",- ამის შესახებ მე-7 მიკრორაიონის ნომერ მე-7 კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებმა "ინფო რუსთავს" განუცხადა და სთხოვა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, ეს საკითხი გაეშუქებინა.

მოსახლეობის განცხადებით, საძირკველში არსებული წყალი სხვადასხვა სახის პრობლემას ქმნის, რომელთა შორის ყველაზე დიდი საშიშროება საძირკვლის მოშლაა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის სარდაფებიდან წყალი ბოლოს ორი წლის წინ ამოტუმბეს.

საკითხთან დაკავშირებით დავუკავშირდით (ა)იპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელს, დავით ხაჩიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ორი წლის წინ კორპუსში შიდა კომუნიკაციები შეიცვალა, იმისთვის, რომ დადგინდეს, რატომ დგება სარდაფებში წყალი კვალიფიციური ექსპერტიზის დანიშვნაა საჭირო.

"ორი წლის წინ შევცვალეთ შიდა კომუნიკაციები, ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი გაკეთდა და პრობლემა მოიხსნა, თუმცა წყალი მაინც შემოდის. შეიძლება დგებოდეს გრუნტის წყალი, შესაძლოა ძველი გათბობის გაყვანილობა დარჩენილი და იქიდან ჟონავდეს, რომ დადგინდეს ზუსტი მიზეზი საჭიროა კვალიფიციური ექსპერტიზა. ამხანაგობის თავმჯდომარეს ვეტყვით, რომ შემოვიდეს მერიაში განაცხადით, რათა ექსპერტიზის დანიშვნა მოხდეს, რის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის ზომებს",- განაცხადა ხაჩიძემ.

აღნიშნული კორპუსის შესახებ "ინფო რუსთავს" არაერთხელ გაუშუქებია, მათ შორის 2018 წელსაც, როდესაც მე-7 კორპუსში მცხოვრებლებმა მათი პრობლემის გაშუქების მიზნით მოგვმართეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები