დატბორილი სარდაფები [VIDEO]

2018-04-15 17:55:55

რუსთავში მე-7 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის სარდაფში უკვე წლებია წყალი დგას. როგორც მოსახლეობა "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, სარდაფში კანალიზაციის წყალი ჩაედინება, რაც ანტისანიტარიასა და მწერების მომრავლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კორპუსში ჩამდგარმა წყალმა შესაძლოა საძირკველის მოშლა გამოიწვიოს. მოსახლეობის ცნობით, მათ პრობლემის მოგვარების პირობა წინასაარჩევნოდ მიიღეს, თუმცა მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა.

საკითხთან დაკავშირებით, "ინფო რუსთავი" აღნიშნული ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, ამირან ჯანჯღავას, დაუკავშირდა. ჯანჯღავს თქმით, ის აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და ფიქრობს, რომ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
"ჰიდროლოგიური კვლევის პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია და როგორც კი აღნიშნულ პროექტს შევიძენთ, პირველ რიგში შევისწავლით პრობლემის საწყისს და შემდგომში ამ პრობლემის გადაჭრაზე ეფექტურად ვიზრუნებთ... კიდევ რამდენიმე ცხელი წერტილია, სადაც ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც მოსახლეობა წუხდება. იმედს ვიქონიებ, რომ მიმდინარე წელს აღმოიფხვრება ეს პრობლემა",- აღნიშნა ამირან ჯანჯღავამ. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე