როდის მოგვარდება უსიამოვნო სუნის პრობლემა რუსთავში [video]

2021-07-29 22:45:17

მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნის არსებობის შესახებ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია და სუნით შეწუხებული რუსთაველების ხმა გააჟღერა, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და რუსთაველი დეპუტატი პარლამენტში, ალექსანდრე დალაქიშვილი სოკოს საწარმოს "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. [ვიდეო/video]

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ საწარმო დარღვევებით მუშაობს და არ აქვს გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება).

"რუსთაველებს წლების განმავლობაში აწუხებთ სუნი, რომელიც სოკოს საწარმოსგანაა გამოწვეული. განსაკუთრებით ახალ რუსთავში. შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხი, რომ რაც შეიძლება სწრაფად საწარმოო პროცესი უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში. როგორც მაქვს ინფორმაცია, არის გარკვეული დარღვევები. აუცილებელია მისი გამოსწორება და რაც შეიძლება მალე უნდა აღიკვეთოს უსიამოვნო სუნის პრობლემა. ბიზნესის არსებობა მნიშვნელოვანია, არაერთი რუსთაველია დასაქმებული, თუმცა, როგორც დეპუტატი, გამოვიყენებ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ეს საწარმოო პროცესი მოექცეს კანონის ჩარჩოების ფარგლებში",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. 

პარლამენტის დეპუტატის ალექსანდრე დალაქიშვილის თქმით, დარღვევების გამო საწარმოსთვის დაწესებული ჯარიმები შედეგიანი არაა, რის გამოც გარემოს დაცვის
სამინისტრომ უფრო მკაცრი ზომები უნდა გამოიყენოს, რომ სოკოს საწარმომ კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით იმუშაოს. 

კომპანიის დირექტორის ალექსი ბერიძის განცხადებით, ქალაქში ბოლო დღეებში მკვეთრი უსიამოვნო სუნი საწარმოო პროცესისთვის საჭირო ერთ-ერთი ნედლეულის უხარისხობამ გამოიწვია, რაც, მისი თქმით, ორ დღეში მოგვარდება და არსებული პრობლემაც აღმოიფხვრება.

"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა, რა ეტაპზეა კომპოსტირების პროცესის სხვა ტერიტორიაზე გადატანა, რომლის შესახებაც კომპანიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რაზეც ბერიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ წელიწად ნახევრის წინ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" კომპოსტირების პროცესის რუსთავიდან მოშორებით გადასატანად გარკვეული ვადა განუსაზღვრა, თუმცა ფაქტია, რომ კომპოსტირების პროცესს კომპანია ისევ იმავე ადგილზე განაგრძობს.

გარდა ამისა, საწარმოში არსებული დარღვევების გამო "თეთრი ქუდი" გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა 20 000 ლარით დააჯარიმა.

უსიამოვნო სუნი, რომელიც წლებია რუსთაველების გადაუჭრელი პრობლემაა, გასულ ღამეს მკვეთრად იგრძნობოდა ახალი რუსტავის ცენტრალურ ქუჩებზე, რის გამოც "ინფო რუსთავს" უამრავი ადამიანი დაუკავშირდა და პრობლემის გაშუქება სთხოვა.

ვიდეო ნახეთ აქ