რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული კიდევ 12 პირის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის მოთხოვნა მოსამართლემ გაიზიარა და ეკატერინე პართენიშვილმა გადაწყვეტილება ცოტახნის წინ გამოაცხადა.
12 ბრალდებულიდან 5 გორელია, 7 კი რუსთაველი. ორი რუსთაველი პროცეს დისტანციურად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ესწერებოდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი სასამართლო პროცეს ესწრებოდა.
პროცესზე ბრალდებულების ადვოკატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქმის მასალების გასაცნობად მათ საკმარისი დრო არ ჰქონდათ, რის გამოც პროცესის გადადება ითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს "ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართა. პირველ პროცესზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალმდებელი მხარის, პროკურორი თიკო სტურუას პოზიცია გაიზიარა და 10 რუსთაველი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.