რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული 25 პირიდან 10-ს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
“ინფო რუსთავს” საშუალება ჰქონდა დასწრებოდა დაკავებული 17 რუსთაველიდან 10-ის სასამართლო პროცესს, რომელთათვისაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე მადონა მაისურაძე მსჯელობდა.
10 დაკავებული რუსთაველიდან 8-ს ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა, 2-ს კი მისი მხარდაჭერა ედება.
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე მადონა მაისურაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა, ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალებულმა გ.ვ-მ განაცხადა, მათ სახელმწიფო სჯის იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ დაეხმარნენ.
“მერიიდან და პოლიციიდან იყვნენ ჩემთან მოსულები, რომ მივხმარებოდი არჩევნებზე, თავიანთი კანდიდატის გაყვანაში, რაზეც მიიღეს უარი და მის მერე ვართ სულ ან განყოფილებაში ან კაპეზეში, რომ მივხმარებოდით არჩევნებში, აქ არ ვიჯდებოდით. კიდე არჩევნები ახლოვდება და საპირისპირო აზრის პირები არავის არ უნდა გარეთ, ეგაა მიზეზი დაკავების. განწყობები მაქედან მოდის”, - განაცხადა ბრალდებულმა გ.ვ-მ სასამართლო პროცესზე.
საქმეზე დაკავებული დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.