განადგურებული ბუნება რუსთავთან [video]

2021-04-19 00:37:40

რუსთავთან ძალიან ახლოს, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალის მოპოვებას მტკვრის კალაპოტი ეწირება.[ვიდეო/video]

"ინფო რუსთავს" ფაქტის გაშუქების თხოვნით ადგილობრივები დაუკავშირდნენ. როგორც ისინი საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მტკვრის კალაპოტი განადგურებულია, რადგან იქ სხვადასხვა კომპანია სამშანებლო მასალის, კერძოდ კი, ხრეშისა და ქვა-ღორღის მოპოვებას ეწევა.

საინფორმაციო სააგენტო ფაქტის გადამოწმების მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ნახა, რომ მტკვარში აქტიური სამუშაო პროცესი ნადვილად მიმდინარეობს, იმ კადრებში კი, რომელიც ჩვენს მიერაა გადაღებული, კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია მდინარის კალაპოტი ახლა.

როგორც ექსპერტმა გარემოსდაცვით საკითხებში ბიძინა გიორგობიანმა "ინფო რუსთავს" უთხრა, ის, რაც რუსთავთან ახლოს ხდება, სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.

"რაც გაჩიანის მიმდებარე ტერიოტირიაზე ხდება, ძალიან მძიმე სანახავია. ჭალის ტყეების ფრაგმენტები მხოლოდ რამდენიმე ადგილას გვაქვს შემორჩენილი და ერთ-ერთია სწორედ რუსთავთან. მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღებას აქვს თავისი ლიმიტი და წესი. ეს უნდა იყოს აღდგენითი, მდინარეს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავისი კალაპოტის აღდგენის პერიოდი მიეცეს. მე არ ვიცი რამდენ კუბზე ჰქონდა ლიცენზია მომპოვებელს გარემოს დაცვის სამინისტროსგან ან როგორი ინერტულობით ამოწმებს მოპოვებული ინერტული მასალის რაოდენობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ფაქტი რაც გვაქვს ისაა, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და სასწრაფოდ საჭიროებს ჩარევას. მონიტორინგის პრობლემას ვხედავ მე აქ უფრო, ვიდრე ლიცენზიის გაცემის.

ამის შედეგი როგორც წესი მდინარის კალაპოტის სერიოზული დაზიანებაა, ეს კი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგდება ჭალის ტყეები. ჭალის ტყეები თამაშობენ ძალიან დიდ როლს წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების დროს, როგორც შემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის მქონე წარმონაქმნები. მდინარის კალაპოტიდან ამდენი ინერტული მასალის ამოღება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს შემდეგ ღვარცოფული მოვლენების ჩამოყალიბებას ზოგიერთ რეგიონზე", - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი. 

როგორც გავარკვიეთ, რუსთავთან ახლოს, მტკვრის კალაპოტში ბუნერბივი წიაღისეულის მოპოვებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს. ადგილზე ერთ-ერთი კოპმანიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ მათ ლიცენზია აქვთ და სამუშაოების განხორციელებაც ნებართვის პირობების ფარგლებში ხდება.

აღნიშნული საკითხის მონიტორინგი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის გამცემ სააგენტოს ეხება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად უწყებისთვის ოფიციალური წერილით უნდა მიგვემართა.

აღსანიშნავია, რომ "ინფო რუსთავმა" არაერთხელ გააშუქა "გაჩიანის დასახლების" მიმდებარედ არსებულ ტყეში ბუნებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები. ჩვენს მიერ მომზადებულ პირდაპირ ეთერში ნათლად იყო ასახული, როგორ უთხრიან ძირს ხეებს სამშენებლო მასალის მოპოვების მიზნით სწორედ ამ ტერიტორიაზე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები