ძირგამოთხრილი ხეები რუსთავთან [video]

2020-05-29 18:56:36

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდა. საუბარია პირდაპირ ეთერზე, რომელშიც "გაჩიანის დასახლების" მიმდებარედ არსებულ ტყეში, სამშენებლო მასალების მოპოვების მიზნით, ბუნებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები გაშუქდა. [ვიდეო/video]

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ "ინფო რუსთავისთვის" გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა.

"საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, მიმდინარე წლის 29 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. "გაჩიანის დასახლების" მიმდებარე ტერიტორია, სადაც პირველადი ინფორმაციით გაცემულია წიაღით სარგებლობის ლიცენზია.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ დათვალიერდა ტერიტორია და აღებულ იქნა GPS კოორდინატები. კომპანიიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია წერილში.

"ინფო რუსთავი" ესაუბრა რუსთავის, კერძოდ, მე-19 მიკრორაიონის იმ მცხოვრებელს, რომელმაც საინფორმაციო სააგენტოს ფაქტის შესახებ თავდაპირველად შეატყობინა. კახა თუთბერიძის განცხადებით, ანალოგიური სამუშაოების განხორციელება იგეგმება მიკრორაიონის მიმდებარედ არსებულ ჭალაშიც, სადაც უკვე ხეები მონიშნულია და სავარაუდოდ, მონიშნულ მცენარეებსაც იგივე ბედი ეწევათ, რაც "გაჩიანის დასახლების" მიმდებარედ არსებულ ტყეში.