იმგზავრებენ თუ არა 1 მარტიდან რუსთაველები ახალი ავტობუსებით

2021-01-30 18:08:08

"ინფო რუსთავს" ათობით მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, ივლის თუ არა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რუსთავში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები.

საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნული კითხვით რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას მიმართა. როგორც ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და დიდი ალბათობით, 1 მარტიდან რუსთაველებს ახალი ავტობუსებით გადაადგილება შეეძლებათ.

"აუცილებელი წინაპირობა იყო გაჩერებების მოწყობა, ტაბლოების განთავსება, სადაც განრიგი და მარშრუტი იქნება ნაჩვენები. გარდა ამისა, მოსაწყობი იყო გადახდის სისტემა, გასაკეთებელი იყო ამ ყველაფრის ტექნოლოგიური აღრიცხვა-მონიტორინგი-მენეჯმენტი. ეს პროცესი დაწყებულია და უკვე ფინალშიც გავდივართ. მიმდინარეობს ავტობუსებშიც აღნიშნული გადახდის სისტემების მონტაჟი, გაჩერებების წინასაეტაპო მომზადებაც უკვე დასრულდა. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 1 თვეში ყველა სამუშაო დასრულებული უნდა იყოს.

გარკვეული ნაწილი ავტობუსების შემოსაყვანია იმიტომ, რომ ეტაპობრივად შემოდის და სრულად არაა შევსებული, მაგრამ არსებულით, რაც გვაქვს და საუბარია 25 ავტობუსზე, შეგვიძლია, რომ მომსახურება გავუწიოთ რუსთაველებს, დამატებით შემოსაყვანია 15 ავტობუსი", - განაცხადა ტაბაღუამ.

ინფორმაციისთვის, ქალაქის მასშტაბით 47 ახალი გაჩერება ეწყობა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი იქნება, რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 1-ელი მარტიდან აღდგება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები