კითხვები კომენდანტის საათთან დაკავშირებით

2020-04-08 17:25:27

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, შეიძლება თუ არა  კომენდანტის საათის დარღვევა.

იხილეთ კითხვები:

იმ შემთხვევაში თუკი ცუდად ხართ, გჭირდებათ აფთიაქში გასვლა და მედიკამენტის შეძენა, გაქვთ თუ არა კომენდანტის საათის დარღვევის უფლება?

თუკი თქვენს ოჯახის წევრს/ახლობელს, რომელიც თქვენთან ერთად არ ცხოვრობს, საღამოს საათებში თქვენი დახმარება სჭირდება, ნემსი აქვს გასაკეთებელი ან წამლები  მისაღები, რა უნდა მოიმოქმედოთ, გაქვს თუ არა სახლიდან გასვლის უფლება?

ამ ორივე კითხვას ერთი პასუხი აქვს, 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეიძლება.
თუ რაიმე სახის სამედიცინო დახმარება თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს/ახლობელს გჭირდებათ, უნდა დარეკოთ 112-ზე, აუხსნათ თქვენი მდგომარეობა და ისინი გაგიწევენ დახმარებას. მაგალითისთვის, მივლენ თქვენგან მოშორებით მცხოვრებ ოჯახის წევრთან/ახლობელთან და დაეხმარებიან.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წამლის ყიდვისთვის 112-ში დარეკავთ და იქ ნებართვას მოგცემენ, რომ უახლოეს აფთიაქში გახვიდეთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

იმ შემთხვევაში თუკი სამსახურიდან გამოხვედით ცოტა დაგვიანებით და ვერ მიხვედით სახლში 9-საათამდე, გაგაჩერათ პოლიციამ , მაინც დაგაჯარიმებენ?

ამ კითხვაზე ცხელ ხაზზე გვპასუხობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, თუკი არის შესაძლებლობა, რომ სამსახურიდან გვიან გამოხვიდე და სახლში კომენდანტის საათის დაწყებამდე ვერ მიხვიდე, შესაბამისმა სამსახურმა უნდა უზრუნველგყოს სპეციალური საშვით. საშვის უქონლობის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებით.

თუკი კომენდანტის საათის მოქმედების დროს არასრულწლოვანი იმყოფებოდა გარეთ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ასეთ შემთხვევაში კანონით განსაზღვრულია, რომ თუ პირი, რომელმაც კომენდანტის საათი დაარღვია არის 16 წლამდე, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის მეურვეს. თუკი არასრულწლოვანი 16 წელზე მეტისაა, პასუხისმგებლობა კანონის დარღვევაზე უკვე თავად პირს ეკისრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI