საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება.
სხდომა 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა.
სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა.
"დღეს საბოლოო მონაცემებით გვყავს უკვე 100 ინფიცირებული, მიუხედავად იმისა რომ უკვე 18 გვყავს გამოჯანმრთელებული ინფიცირებულთა ზრდა მაინც უფრო ზრდადია. გვაქვს 3 შემთხვევა რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მათ შორის 1 სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული. ჩვენ ვცდილობთ რომ გამკაცრების ღონისძიებებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკონომიკას. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების შესახებ, ჩვენ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენტაცია, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, 2 ადამიანი უნდა იყოს უკანა სავარძელზე, ამ რეკომენდაციის არ გათვალისწინების შემთხვევაში შესაბამისის სამსახურები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებზე იქნება ცალკე პროტოკოლი. ასევე აკრძალულია, 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. ცხადდება სრული კარანტინი, 21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6 საათამდე - ცხადდება საკომენდატო საათი. მოეწყობა საკონტროლო პუნქტები, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ნებისმიერი მოქალქე, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილების პირობებში თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.