"ცრუობს ეს ქალი, ჩვენ მას არ დავდევთ"

2019-11-17 10:21:32

რუსთავის #5 საჯარო სკოლის, მე-6 კლასელი მოსწავლის დედა, ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის, ნინო მაჭარაშვილის ბრალდებებს პასუხობს. მაია დემეტრაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, რომ მაჭარაშვილი ცრუობს და მისი ან მისი შვილის მხრიდან მშობლის შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. დემეტრაშვილის ინფორმაციით, ის და მე-6 კლასელი გოგონა თვითონ არიან მშობლის მხრიდან ადევნების, თვალთვალისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი.

"ცრუობს ეს ქალი. ყველაფერს ტყუილს ლაპარაკობს. ჩვენ მას არ დავდევთ, თვითონ დაგვდევს და გიჟებს გვეძახის", - აცხადებს მაია დემეტრაშვილი.

"ინფო რუსთავის" კითხვას, იმყოფებოდა თუ არა 15 ნოემბერს შვილთან ერთად ნინო მაჭარაშვილის სახლთან, მაია დემეტრაშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულ დღეს სტუმრად იმყოფებოდა ნათესავთან და იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობს მაჭარაშვილი, ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.

მე-6 კლასელი გოგონას მშობლის თქმით, მან უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში ცილისწამებისთვის. საუბარია ნინო მაჭარაშვილის განცხადებაზე, რომელიც მან ბოლო დროს სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მე-6 კლასელი გოგონა, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი კიბიდან დაგორებაში სდებდა ბრალს, ბავშვებს დანით აშინებდა და ფულს სძალავდა. გოგონას დედამ "ინფო რუსთავს" კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ეს სიცრუეა და ამისთვის მშობლისგან კანონის ფარგლებში მოითხოვს პასუხს.

"ინფო რუსთავმა" მე-6 კლასელი მოსწავლის  დედას ასევე ჰკითხა, ესწრება თუ არა მისი შვილი რუსთავის #5 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პოროცესს და მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი მშვიდ ვითარებაში. დემეტრაშვილის თქმით, გოგონას კონფლიქტი არავისთან არ აქვს, გარდა ნინო მაჭარაშვილისა და მისი შვილისა.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია #5 საჯარო სკოლის ირგვლივ დატრიალებული ახალი სკანდალის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. სკოლის მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა, ნინო მაჭრაშვილმა, მე-6 კლასელს, რომელსაც მუსიკის პედაგოგი კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებდა, ადევნებასა და თვალთვალში დასდო ბრალი.

საინფორმაციო სააგენტო #5 სკოლაში მომხდარი ინციდენტიდან 1 თვის თავზე დაინტერესდა რა მდგომარეობა იყო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით სტატია მოამზადა. სტატია იხილეთ მითითებულ ბმულზე.