რა ბედი ეწევა რუსთავში არსებულ ავტოპარკს

2019-07-12 10:12:28

ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, „ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "ინფო რუსთავი" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელს, ჯურხა ბენდელიანს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ბედი ეწევა რუსთავში არსებულ ამ ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

როგორც ბენდელიანმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, ქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაწილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება, ავტობუსები ტექ. დათვალიერების გავლას შეძლებენ.

მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწევა ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

თბილისის მერიაში კი ვარაუდობენ, რომ უმრავლესობა ყვითელი ავტობუსებისა ჩამოსაწერი და ჯართში ჩასაბარებელი იქნება. „წინასაწრი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში 30 ახლი ავტობუსის შეძენა იგეგმება.