რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცდა.
ამ მიმართულებით ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განხორციელდა.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.
კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება.
უფრო კონკრეტულად, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას.
დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
ცვლილებების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება ქვეითად მოსიარულე პირებისთვისაც.
ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, დაჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.