"გადააქციე პლასტმასა ხედ" [photo]

2023-12-04 20:09:28

რუსთავში “ეკო ცენტრის” მწვანე კონკურსის შედეგად 1,2 ტონამდე პლასტმასა შეგროვდა და 46 ხე დაირგო.

ნარჩენების დახარისხების ჩვევის დასამკვიდრებლად გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაორგანიზებული კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა.

პირველი ეტაპი 16 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო მეორე ეტაპი 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა და საერთო ჯამში, მოქალაქეების ჩართულობით, საკონკურსო ეტაპზე 1,2 ტონამდე პლასტმასა შეგროვდა.

კონკურსი "გადააქციე პლასტმასა ხედ", ქალაქის გამწვანებასთან ერთად, ცხოვრების ეკო-მეგობრული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვას ისახავს მიზნად.

კონკურსის ფარგლებში, „ეკო ცენტრის“ პარტნიორები იყვნენ პლასტმასას გადამამუშავებელი საწარმო „პოლივიმი“, BREN/IWPR- და საინიციატივო ჯგუფი „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“.

პლასტმასას და ასევე მაკულატურის ჩაბარების შედეგად მიღებული თანხით „ეკო ცენტრმა“ შეიძინა 46 ხე, რომელიც კონკურსის მონაწილეებს (სკოლები, მოქალაქეები, კომპანიები) გადაეცათ და დაირგო რუსთავში.

ეს კონკურსი 30 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ეკო-მეგობრული ჩვევების დასანერგად და პლასტმასას მავნე ზემოქმედებისგან გარემოს დასაცავად „ეკო ცენტრი“ კვლავ აგრძელებს პლასტმასას და მაკულატურის მიღებას.

პლასტმასას და მაკულატურის მიტანა „ეკო ცენტრის“ ოფისში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00-დან 19:30 საათის ჩათვლით შეგიძლიათ.

გადამუშავდება შემდეგი სახის პლასტმასა - PET (1); HDPE (2); LDPE (4); PP (5). მაკულატურის სახით კი იბარებენ მხოლოდ რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, თაბახის ფურცლებს, ფლაერებს, ბუკლეტებს (მუყაო, ქვითრები და სხვა მსგავსი ქაღალდები არ ბარდება).