ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

2026-03-12 13:30:39

ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  

სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათასი ლარია. 
ვინაიდან ფაქტი შეიცავს  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, მხოლოდ ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2025 წელს, წიაღის უკანონო მოპოვებისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 100-მდე ფაქტი გამოავლინეს. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის პირობების კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისიდან ახორციელებს",- ნათქვამია განცხადებაში.