ცნობიერების ამაღლება კიბერძალადობის შესახებ, შეხვედრა რუსთავის მედიათეკაში

2023-12-04 19:54:03

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით რუსთავის მედიათეკაში უფროსკლასელებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებთან "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ნინო კობახიძემ ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე  აქტუალურ  ფორმაზე კიბერძალადობაზე ისაუბრეს.

"გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება არის ზუსტად ამ 16 დღიანი კამპანიის მთავარი აქცენტი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ შეხვედრა გავმართეთ რუსთავის მედიათეკაში უფროსკლასელებთან. მათ, რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ თავად გენდერული ძალადობის შინაარსზე და განსაკუთრებული აქცენტით კიბერძალადობაზე, რომელიც დღევანდელ სამყაროში, როცა ყველა საქმიანობის სფერო გადასულია ონლაინ რეჟიმზე, განსაკუთრებით აქტიურად ბავშვები არიან ონლაინსივრცეში წარმოდგენილები, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდნენ, ძალადობის რა ფორმებზე არის საუბარი და ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესაუბრა მათ, რა შეიძლება იყოს რეაგირების მექანიზმი. თავისთავად აქცენტი გაკეთდა კანონმდებლობაზე, რომელიც არსებობს, რეაგირების მექანიზმებზე და უფლებების დაცვის ნაწილზე",- განაცხადა წილოსანმა.

მედიათეკაში შეხვედრას რუსთავის მერმა და ამავდროულად ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ლაცაბიძემ ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს წევრებთან ერთად უმასპინძლა.

"მნიშვნელოვანია, დღევანდელი შეხვედრა, რომ სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით. საინტერესო საკითხების განხილვა გვქონდა და გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას, რომ სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ ჩვენი მხრიდან, რასაც შევძლებთ მაქსიმალურად",- განაცხადა ლაცაბიძემ.