რუსთავში 351 მძღოლი დააჯარიმეს

2023-12-04 16:01:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 4 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელების დროს 351 ავტომობილი დააჯარიმეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.

დაჯარიმებულებს შორის ყველა კატეგორიის ავტომობილია.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.