რუსთავში არსებული 24-მდე საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა მხოლოდ ერთ საწარმოს,შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯიას" აქვს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.
უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 18 აპრილის მონაცემებით, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მიზნით სამინისტროს ორმა საწარმომ შპს "რუსთავის ფოლადმა" და სს "რუსთავის აზოტმა" მიმართა, თუმცა მათ რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ, რადგან რეგისტაციის სავალდებულო მოთხოვნებს.
"ქ. რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულება შესრულებული აქვს შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯია"-ს (მანგანუმის ოქსიდის და მანგანუმის სულფატის წარმოება).
ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების მიზნით, დეპარტამენტს მომართა ქ. რუსთავში განთავსებულმა ორმა კომპანიამ:
1. შპს "რუსთავის ფოლადი" (მომართვის თარიღი - 30.11.2021წ);
2. სს "რუსთავის აზოტი" (მომართვის თარიღი - 31.12.2021წ). აღნიშნულ კომპანიებს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა სისტემაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არ იყო შესაბამისობაში და ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №2-740 ბრძანებით დამტკიცებულ, რეგისტრაციისათვის სავალდებულო მოთხოვნებს",- ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 2 მარტს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც ამავე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.
კანონი საწარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრას ავალდებულობს.