77 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მე-3 მოსმენით მიიღო.
სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ-ის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა მუსერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ ეკოაქტივისტები ახლა კანონის აღსრულების მონიტორიგზე გადავლენ.
"ეს არის პირველი ნაბიჯი და ახლა ყველა ერთად დაველოდებით, თუ როგორ აღსრულდება ეს კანონი. ჯერი უკვე ზედამხედველობის სამსახურსა და იმ ადამიანებზეა, რომლებიც კანონის აღსრულებაში იქნებიან ჩართულები. ჩვენ, როგორც სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება თვალყურს მივადევნებთ თავიდან ბოლომდე და ნებისმიერი გადაცდომის ან დარღვევის შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი პრობლემატურია და არ სრულდება, რა თქმა უნდა, შევცვლით. იგივე ეტაპის გავლა მოგვიწევს, რაც ამ 3 წელიწადში გამოვიარეთ, მაგრამ ნებისმიერი აქტივობა უფრო მარტივი იქნება, რადგან არსებობს კანონი. ჩვენ კანონის აღსრულებას მონიტორინგს გავუწევთ...
ეს ყველაფერი გააკეთა გავიგუდემ. გავიგუდეთ არიან მედიის წარმომადგენლებიც და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამბავი გაიაზრა და გულთან მიიტანა. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ხმამაღლა უთქვამს გავიგუდეთ, თუნდაც ტყუილით, ან სიცილით გავიგუდეთ ვინც თქვა მაგათი დამსახურებაც კი არის. მადლობა მინდა გადავუხადო რუსთაველ საზოგადოებას, რომელიც გააქტიურდა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სხვა საფეხურზე აიყვანა ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნიკა მუსერიძემ.
კანონის აღსრულება 1 ივნისიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 3 თვის განმავლობაში ყველა მეწარმეს გადაიარაღების შესაძლებლობა ეძლევა, რათა კანონით გათვალისწინებულ წესებს დაემორჩილონ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელზეც რუსთაველმა ეკოაქტივისტთა ჯგუფმა "გავიგუდეთ" და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს, გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ახალი სანქციები დაწესებას და საჯარიმო თანხის გაზრდას ითვალისწინებს.