2026-11-18 12:58:10
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში პოლიციამ დევნის შემდეგ საქართველოს ორი მოქალაქე, 35 და 52 წლის მამაკაცები დააკავა. ერთ-ერთი მათგანი 2025 წლის ივნისში სასამართლოდან გაქცევის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებისას მამაკაცებმა ავტომობილით გაქცევა სცადეს.
ავტომობილის მძღოლი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სახიფათო მანევრებით გადაადგილდებოდა. ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.
ავტომობილის ჩხრეკისას ქურდობის იარაღები და სხვადასხვა ვალუტა აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ 35 წლის მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობისა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ორივე დაკავებულის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე დანაშაულის მუხლით აღიძრა.