რუსთავში მუშას ამწის ისარი დაეცა [video]

2026-10-13 23:12:53

რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტი ინდორამას" ტერიტორიაზე ამწეკრანი გადაყირავდა და მუშას ამწის ისარი დაეცა. [ვიდეო/video]

დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტი კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი კვლევები.

"ინფო რუსთავი" ესაუბრა ინდორამა კავკასიის დირექტორს ლევან ბურდილაძესაც. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

"კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელია. ჩვენ ფაქტის შესახებ შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, ჩატარდება მოკვლევა და დადგინდება, რა მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთმა ადამიანმა მიიღო დაზიანება და გადაყვანილია კლინიკაში",- გვითხრა ბურდილაძემ.

"ინფო რუსთავი" ასევე ესაუბრა სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის, "ტურ 525-ის"  ხელმძღვანელს, ტურალ ისკანდაროვს.

"კალათაში მუშაობდა ჩემი ორი თანამშრომელი. ამწეკრანმა დადო კალათა და რაღაც ტექნიკური დაზიანების გამო კრანის ისარი დაეცა ჩემს 2 თანამშრომელს. ერთს არაფერი სჭირს, მეორემ კი მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები, თუმცა მაინც გადმოვიყვანეთ კლინიკაში",- გვითხრა ტურალ ისკანდაროვმა.