2026-06-20 14:32:30
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.