რუსთავში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა

2026-06-08 11:50:54

რუსთავში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიის გამოქვეყნების მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რათა 15 სამუშაო დღის ვადაში დამატებით დოკუმენტაცია წარადგინონ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

სააგენტოს ცნობითვე, ბინის მისაღებად 7 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა.

"დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების  შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა  განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას.
კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მინისტრის 01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.   დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს  რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს, რის შემდგომაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყება დეტალური მუშაობა საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის. გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების, რაც შესაძლოა  პროცედურების შედეგად  დაზუსტებას დაექვემდებაროს.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი, კანონმდებლობის შესაბამისად,  მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება",- ნათქვამია ინფორმაციაში.