ვის არ ეხება დეკლარაციის წარდგენის კანონი

2025-11-01 15:27:15

ვის არ ეხება დეკლარაციის წარდგენის კანონი
„თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით – ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კიდევ ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, ამასთან დაკავშირებით იურისტის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
1.    2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევებშიც.
2.    მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი. 
3.    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
4.    მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი).
5.    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;
6.    2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1-ლი ნოემბერია. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას