რუსთაველმა მთამსვლელმა ჭაუხის მთათა სისტემა მარტომ დალაშქრა და რეკორდი დაამყარა

2025-10-21 17:53:54

რუსთაველმა მთამსვლელმა ლევან მოსაშვილმა ჭაუხის მთათა სისტემა მარტომ დალაშქრა და რეკორდი დაამყარა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მთამსვლელმა განუცხადა, გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 27 საათში შეძლო ჭაუხის მთათასისტემის10 მწვერვალი მარტო გაეარა.

ლევან მოსაშვილმა მარშრუტი თიკანაძედან დაიწყო და ჯავახიშვილის მწვერვალით დაასრულა.

"ეს გასვლა მარტივი არ ყოფილა. უამინდობის გამო, ჭაუხში დაბანაკებისთანავე მომიწია მარშრუტზე გასვლა ყოველგვარი დასვენების გარეშე. მეგონა, სიბნელე ან დაღლა გამიჭირდებოდა ყველაზე მეტად,  სინამდვილეში კი უძილობამ გამტეხა.

სიბნელის გამო ერთ მწვერვალზეც შემთხვევით ავედი და ახლაც ვთვლი, რომ ეს იყო მთელი ტრავერსის ყველაზე რთული წერტილი.
უკან დასაბრუნებლად გვიანი იყო, ამიტომ ბოლომდე ავედი… სოლოზე ხომ არც ასვლა მარტივია და არც ჩამოსვლა.

მთელი გზა ხელის გაჭიმვებმა და მძიმე ზურგჩანთამ გამირთულა.
საცოცი ფეხსაცმელი ვერ გავიხადე დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, თოვლშიც კი იმით მივდიოდი. რთულ მონაკვეთებში ჩანთას თოკზე ვაბამდი, მე წინ მივდიოდი და შემდეგ ამომქონდა.

ბოლოს კი, როცა უკვე 20 საათზე მეტს ვმოძრაობდი უძილოდ, აზროვნება მიჭირდა - გზად ყველა ქვა და ლაქა რაღაცებად მეჩვენებოდა.
ეს იყო ფიზიკურადაც და მენტალურადაც ყველაზე მძიმე ტრავერსი, რაც გამიკეთებია - და ალბათ სწორედ ამიტომ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი
",- ამბობს მთამსვლელი.