რუსთავთან ახლოს კრწანისის ტყე-პარკში ახალი ქალაქი აშენდება [photo]

2025-10-21 14:37:26

რუსთავთან ახლოს კრწანისის ტყე-პარკში კომპანია Eagle Hills-ი 600 ჰექტარზე ახალ ქალაქს ააშენებს, სადაც საცხოვრებელი სახლები, კომერციული სივრცეები, სასტუმროები და რეკრეაციული სივრცეები იქნება.

კომპანიამ თბილისში ყოფილ კინო რუსთაველის შენობაში გაყიდვების ოფისი გახსნა.

Eagle Hills-ის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა, რენდერები, თუ რა გაკეთდება 6.6 მილიარდ დოლარად კრწანისის ტყეპარკსა და გონიოში.

პარკში 5 ტბა და ბუნებრივი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ეკოსისტემაა წარმოდგენილი, აკრძალულია თევზაობა და ნადირობა.
ტყეპარკი თბილისში ფრინველთა გამოზამთრების ერთ-ერთი ადგილია.

პარკში ფრინველთა სახეობების მაღალი კონცენტრაცია და გადაფრენის სეზონზე 80-მდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, რომელთა შორისაცაა ოფოფი, გოლაღური, კოლხური ხოხობი, შავი და მწვანე კოდალა, წავი და სხვა.

2018 წელს წელს CENN-ის მიერ კრწანისის ტყე-პარკის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო ბროშურაში ვკითხულობთ: "200 ჰა ულამაზესი მწვანე ტერიტორიაა. მისი დაარსების მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო. ტყეპარკი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განაშენიანებულ ტერიტორიაზე თავი იგრძნოთ ბუნებრივ გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისაგან, მტვრისა და ურბანული გარემოსაგან. ვაკე რელიეფი და ულამაზესი ხეივნები შესანიშნავია ველოსიპედით სეირნობისათვის. ასევე საუკეთესოა პიკნიკის, საგანმანათლებლო ტურების, ექსკურსიების მოსაწყობად და ფრინველებზე დასაკვირვებლად.  კრწანისის ტყეპარკი დედაქალქთან ახლოს მდებარე ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი ადგილია. წლის განმავლობაში აქ ასზე მეტი სახეობის ფრინველს შეიძლება შევხვდეთ. ამ თავისებურებას დიდწილად განაპირობებს უნიკალური ჭალის ტყის ეკოსისტემა".

ტყე-პარკის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მას არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი.