რუსთავის ციხე-სიმაგრეზე X-XI საუკუნის ჯაჭვის პერანგი და მუზარადი აღმოაჩინეს [video]

2025-10-21 17:27:52

რუსთავის ციხე-სიმაგრეზე არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ჯაჭვის პერანგი და მუზარადი აღმოაჩინეს. [video/ვიდეო]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა განუცხადა, ჯაჭვის პერანგი და მუზარადი X-XI საუკუნით თარიღდება და არქეოლოგებმა ციხე-სიმაგრის მე-6 ოთახში იპოვეს.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გვაქვს, რომელიც არამხოლოდ რუსთავის, არამედ საქართველოს ისტორიას და განსაკუთრებით სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს ძალიან წაადგება.

ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები გვაქვს მე-6 ოთახში და რაც არის აღმოჩენილი მომდინარეობს აქედან, კერძოდ მრავალრიცხოვან თიხის ჭურჭელთან ერთად აქ მოვიპოვეთ X-XI საუკუნით დათარიღებული რკინის მუზარადი თავისი ზარადით, მასთან ახლოს ასევე აღმოჩნდა რკინის ჯაჭვებისგან შედგენილი აბჯარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

ამ პერიოდის მუზარადები განათხარ ძეგლებზე საქართველოში თითქმის არ გვაქვს, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს არის ჯერ-ჯერობით ერთადერთი როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში",- გვითხრა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები