რუსთავში პროფკავშირებმა ორი ნაბიჯის 3 მაღაზიაში დარღვევები გამოავლინა

2025-10-21 12:55:49

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ რუსთავში მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" 3 ფილიალში არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა, რომლის დროსაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევები აღმოაჩინა.

შემოწმება ჩატარდა მეგობრობის N5, მესხიშვილის N6 და რუსთაველის N32-ში მდებარე ფილიალებში.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს ორი ნაბიჯის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შესაბამისი მითითებები. დამსაქმებელს სახდელის სახით განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო დარღვევის გამოსასწროებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა შპს ორი ნაბიჯის (ს/ნ: 204571668) რუსთავში მდებარე სამ სხვადასხვა ობიექტზე.
ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა შრომის უსაფრთხოების ნორმების შემდეგი დარღვევები:

ორგანიზაციის მხრიდან წარმოდგენილ იქნა თანამშრომლებისათვის სწავლების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი სათანადო ხელმოწერებით, მაგრამ დასაქმებულებთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთ ჩატარებული სათანადო ინსტრუქტაჟები. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტით ვერ დასტურდება პირველადი დახმარების თემატიკით სწავლებების ჩატარება (არ არის წარმოდგენილი შესაბამისი თემატიკა/მოდული). შესაბამისად, ჩატარებული ინსტრუქტაჟების არაეფექტურია და დასაქმებულებს არ აქვთ მიღებული მაქსიმალური ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე რისკებზე.
დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სამუშაო ტანსაცმლით (ტენმედეგი წინსაფარი ან ხალათი), ფეხსაცმლით (ტენმედეგი და ასრიალებისგან დასაცავი), სათვალე.

ორგანიზაციის ტერიტორიაზე სრულყოფილად არ არის განთავსებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები (მაგ: საევაკუაციო ნიშნები, პირველადი სამედიცინო დახმარების).

ორ ობიექტზე, ინსპექტირების პროცესში ვერ იქნა იდენტიფიცირებული ტვირთის გადასატანი საშუალება, რომელიც დასაქმებულებმა უნდა გამოიყენონ ფიზიკური დატვირთვის შესამცირებლად.
არ არის მოწყობილი დასაქმებულთა მოსასვენებელი ოთახები (ფართი) და სხვა.

შპს ორი ნაბიჯის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შესაბამისი მითითებები. დამსაქმებელს სახდელის სახით განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო დარღვევის გამოსასწროებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივლისის თვეში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მომართეს შპს ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელის ქ. რუსთავის ფილიალებში დასაქმებულებმა. მიმდინარედ, სამი დასაქმებულთან შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა.

დასაქმებულთა ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს",- ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა შპს ორ ნაბიჯსაც, თუმცა კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები