ქვემო ქართლის პოლიციამ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

2025-09-04 14:27:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება-34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მეთადონის“ აბები, ასევე ,,ჰეროინის“, ,,მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით  ე.ფ-ს  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.