რამდენი ავარიული კორპუსია რუსთავში

2025-07-16 19:24:15

რუსთავში, ამ დროის მონაცემებით, 100 კორპუსია, რომელსაც გამაგრებით/სარეაბილიტაციო სამუშაოებს სჭირდება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ლაცაბიძის თქმით, მისი მერობის 4 წლის განმავლობაში ქალაქში 56 კორპუსის გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე 6-ის გამაგრება/რეაბილიტირება და მერია მუშაობს კიდევ 12 მისამართზე კორპუსების პროექტირება და მომავალში მისი რეაბილიტირება მოხდეს.

"4 წელი შემისრულდა, რაც გუნდთან ერთად ქალაქში ვმუშაობ და უკვე 56 შენობის სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შევძელით. ეს იყო რიგ შემთხვევებში სრული რეაბილიტაცია, ფრაგმენტული. მოკლედ ის მოთხოვნები, რაც მოსახლეობის მხრიდან და საექსპერტო დოკუმენტებიდან ვლინდებოდა 56 მისამართზეა შესრულებული.

ახლა სამუშაოები 6 მისამართზე მიდის როგორც გამაგრებითი, ასევე სარეაბილიტაციო ნაწილში. რუსთავის მერიის გუნდი ვმუშაობთ 12-ის საპროექტო ნაწილზე, რომლის სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოებიც მომავალში უნდა განხორციელდეს.

ამ ეტაპზე ჩვენი მონაცემებით გვაქვს 100-მდე კორპუსი, სხვადასხვა კატეგრორიის, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. ამ 100 კორპუსიდან ნახევრის ავარიულობა გამოწვეულია მიშენებებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, 56 კორპუსის რეაბილიტაცია/გამაგრებითი სამუშაოები 4 წლის განმავლობაში შევძელით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მერიის გუნდი ვმუშაობთ 12 პროექტზე, რომლებზეც გათვალისწინებული იქნება გამაგრებითი სამუშაოები",- განაცხადა ლაცაბიძემ.