იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

2025-06-07 18:21:58

ვენეციაში ბოლო 10 დღეში ქურდობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის შემთხვევები 29 მაისს და 4 ივნისს, მესტრეს რაიონში მოხდა.

29 მაისს სან მარკოს გამზირზე ბინაში შეღწევა სამმა ქართველმა კაცმა სცადა. როდესაც ნიღბიანები კარის სპეციალური ხელსაწყოებით გაღებას ცდილობდნენ, სახლის მეპატრონეს გამოეღვიძა და პოლიციაში დარეკა. სამივე პირი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. ერთი მათგანი უკვე ცნობილი იყო სამართალდამცავებისთვის, დანარჩენ ორს კი კრიმინალური წარსული არ ჰქონია. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

4 ივნისს ვენეციის ისტორიულ ცენტრში ორი ქართველი კაცი ბინაში შესვლას ფანჯრის დაზიანებით შეეცადა, თუმცა ამჯერადაც მეპატრონე სახლში აღმოჩნდა და მძარცველებისგან მალულად პოლიცია გამოიძახა. მძარცველებმა გაქცევა შენობის სახურავიდან სცადეს, თუმცა პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, აღნიშნული პირები 5 ივნისს ჩარტერული რეისით საქართველოში გამოაძევეს.