რუსთავში სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება.
დაფინანსების პროგრამა ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორისა და რეზიდენტურის საფეხურებს მოიცავს.
"ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ბაკალავრის, მაგისტრისა, დოქტორისა და რეზიდენტურის საფეხურის, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-24 წლის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, სტუდენტს, რომლის ერთ-ერთ მშობელს აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორწლიანი რეგისტრაცია, ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველ პირს აქტიური რეგისტრაცია.
ბაკალავრის დაფინანსება:
81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით;
95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით;
სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა. პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით. თანხის ასათვისებლად ყოველი შემდეგი მომართვისას, კი სემესტრის საშუალო აკადემიური ქულა საჭიროა იყოს გაუმჯობესებული, რათა იძლეოდეს დამატებითი თანხის ათვისების შესაძლებლობას ლიმიტის ფარგლებში.
მაგისტრის და დოქტორის დაფინანსება:
85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში);
რეზიდენტურის დაფინანსება:
სტუდენტი ჩარიცხული უნდა იყოს სარეზიდენტო პროგრამაზე. დაფინანსება გაიცემა კურსის პირველი სემესტრიდან. დასაფინანსებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-24 წლის ჩათვლით პირები:
სწავლის დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი უწყების მიერ უნდა დასტურდებოდეს პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. დაფინანსება გაიცემა კურსის პირველი სემესტრიდან. დასაფინანსებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1200 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე.