უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ახალი უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ.
"ოპერაცია რამდენიმე თვეს გაგრძელდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის სვეტები დანაღმა, დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
წყალქვეშა საყრდენი სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული - ამას ხელი შეუწყო 1100 კგ აფეთქებამ ტროტილის ეკვივალენტში. ფაქტობრივად, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია", - წერს უკრაინის უშიშროება ფეისბუქზე და აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი.
"ღმერთს სამება უყვარს და SBU-ს ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე ჩანაფიქრი და არასდროს მეორდება.
ადრე, ჩვენ ორჯერ მივაყენეთ დარტყმა ყირიმის ხიდს 2022 და 2023 წლებში, დღეს ეს ტრადიცია უკვე წყლის ქვეშ გავაგრძელეთ.
რუსეთის ფედერაციის არცერთ უკანონო ობიექტს არ აქვს ადგილი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, მით უმეტეს, რომ მტერმა ის ლოჯისტიკური არტერიის სახით გამოიყენა თავისი ჯარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს მკაცრ პასუხს მიიღებს", – განაცხადა მალიუკმა.
ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.