რუსთავის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ საჯარო, მე-2, მე-6 და 21-ე სკოლაში მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა სკოლებში რეაბილიტაცია და როდის დასრულდება სამუშაოები.
მე-6 და 21-ე სკოლებს კომპანია შპს "ჯი ბი ჯი" ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი სულაბერიძემ გვითხრა, 21-ე საჯარო სკოლაში სამუშაოები 10 ივნისს დასრულდება და გაიხსნება, ხოლო მე-6 საჯარო სკოლაში პროექტის ცვლილება გახდა საჭირო, რის გამოც შეიცვლება რეაბილიტაციის დასრულების დროც.
მისი თქმით, მოსწავლეები სწავლას რეაბილიტირებულ სკოლაში 2026 წლის იანვრიდან გაახლებენ.
"21-ე სკოლა მთავრდება 10 ივნისს და გახსნაა. მე-6 სკოლას რაც შეეხება, აქ კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალა, დამატებით დასჭირდა სკოლას გამაგრებითი სამუშაოები, როგორც პერიმეტრზე საძირკვლის, ასევე ფილებს შორის გადახურვა. შესაბამისად, რადგანაც პროექტი შეიცვალა და დამატებითი სამუშაოები გახდა აუცილებელი, ვადის გადაწევა მოხდება და სკოლის დასრულება მოხერხდება ამ წლის დეკემბრის ბოლოს. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს",- გაგვიცხადა გიორგი სულაბერიძემ.
რაც შეეხება მე-2 საჯარო სკოლას, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით ისევ შეჩერებულია.
როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, შპს "ჯისიჯის" ხელმძღვანელმა, თემო დალაქიშვილმა განგვიცხადა მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის დამუშავება.
"მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის დამუშავება, როგორც კი სკოლების სააგენტოსთან იქნება შეთანხმებული და გაკეთდება ცვლილება, რომ კონსტრუქციული პროექტის მიხედვით განხორციელდეს მშენებლობა ჩვენ მზად ვართ, რომ რეაბილიტაცია დავიწყოთ",- განგვიცხადა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, მე-2 სკოლის რეაბილიტაციისთვის 10 649 653 ლარის ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა და ამავე ტენდერით რეაბილიტაცია უტარდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლასაც.
ხოლო მე-6 და 21-ე საჯარო სკოლების აღსადგენად ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო გამოცხადებული. მე-6 საჯარო სკოლისთვის 6 331 997 ლარია გამოყოფილი, ხოლო 21-ე სკოლისთვის 5 986 632.