რუსთავში, მე-20 მიკრორაიონის N16 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნინო ყაველაშვილმა განუცხადა, დიდი ხანია საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აწუხებთ. სისტემა ხშირად ზიანდება და საკანალიზაციო მასა მიწის ზედაპირზე ამოდის.
მისი თქმით, პრობლემასთან დაკავშირებით ცნობილია"ჯივიპისთვისაც", თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არაა.
"მუდმივად არის კანალიზაცია გაჭედილი, კვირაში ერთხელ ყველა შემთხვევაში. ამას დამატებული, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სიცხეებია უკვე და რა მდგომარეობა იქნება კარგად მოგეხსენებათ. ამას დამატებული, სასმელი წყლის ჭა არის ახდილი, სადაც ვინტილი შეცვალეს მაგრამ, არ არის სამუშაო დასრულებული და ღიაა ეს ჭა. კანალიზაციის წყალი ჩადის ჭაში და გადავსებულია. 2 დღეა ვრეკავთ ჯივიპიში და არ მოდიან, რეაგირება არის ნული. აუცილებელია, რომ დავიწამლოთ მოსახლეობა? გაუსაძლისი მდგომარეობაა",- განგვიცხადა ყაველაშვილმა.
"ინფო რუსთავი" ფაქტთან დაკავშირებით დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავსაც", სადაც განგვიცხადეს, რომ ადგილზე უკვე გავიდა ჯგუფი და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოაგვარონ პრობლემა.