პროტესტი რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში

2025-05-07 16:30:07

რუსთავში "შპს სთეინლესის" 100-მდე დასაქმებულმა დროებით პროტესტის ნიშნად სამუშაო ადგილები მიატოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა რუსთავში, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, დასაქმებულები საწარმოს ხელმძღვანელი პირებისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასიდან ჯარიმის სახით ჩამოკლებული 10%-ის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

საწარმოს დირექტორის არტურ გრიგორიანცის მიერ მოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ: "საწარმოში ჩატარებული შიდა მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის აპრილის თვეში თანამშრომლები აპრილის თვეში არაეფექტურად იყენებდნენ სამუშაო დროს, რაც უარყოფითად აისახა საწარმოს საქმიანობის შედეგებზე.

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის (დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმები) შესაბამისად და საწარმოს შიდა შრომითი დისციპლინის წესები გათვალისწინებით ვბრძანებ:

1. 2025 წლის აპრილი თვისთვის, ერთჯერადად, ყველა თანამშრომელს, ხელმძღვანელი პირების ჩათვლით, დაეკისროს ხელფასი 10% ოდენობით.
2. ჯარიმის საფუძველია სამუშაო დროის არაეფექტური გამოყენება და შინაგანა წესის მოთხოვნის დარღვევა
3. HR  დეპარტამენტსა და ბუღალტერიას დაევალოს შესაბამისი საკადრო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა",- ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 5 მაისით თარიღდება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ გვითხრა, ხვალ პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად იგეგმება კომპანიის თანამშრომლებსა და დირექტორს შორის შეხვედრა.

დასაქმებულები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ.