რუსთავში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა

2025-05-07 13:06:25

რუსთავში აპრილის თვესა და მაისის პირველ კვირაში წითელათი ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წითელათი დაავადდნენ 1, 9, 10 და 12 წლის ბავშვები, ყველა მათგანი იყო აუცრელი.

დეკანოსიძის ინფორმაციითვე, ქვემო ქართლის მასშტაბით წითელას 51 შემთხვევაა დაფიქსირებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში სწორედ რუსთავში ფიქსირდება.

წითელათი ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ბოლნისში, მარნეულში, დმანისსა და გარდაბანში.

ბოლო პერიოდში წითელას საწინააღმდეგო აცრებზე მშობლების მხრიდან უარის შემთხვევები გახშირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" რუსთავის #2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პედიატრმა, რუსუდან ადამიამ ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში შეინიშნება წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო აცრაზე, მშობლების მხრიდან, უარის თქმა. გითხრათ სიმართლე, მე ვერ ვხვდები რატომ. ამბობენ რომ თითქოსდა მიზეზი არის ის, რომ ეს ვაქცინა არის ინდური. დიახ ინდურია, ეს არის ქარხანა რომელიც იუნისეფის მიერ არის აკრედიტებული და წლებია ამ ვაქცინას ვხმარობთ",- ამბობს ადამია.

რუსუდან ადამია მშობლებს ურჩევს, პატარებს ჩაუტარონ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, რათა თავიდან იქნას აცილებული ის სერიოზული გართულებები რასაც აღნიშნული ვირუსი იწვევს.

ცნობისთვის, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც პარამიქსოვირუსების ოჯახში შემავალი იმავე სახელწოდების (წითელას) ვირუსი, იგივე Morbillivirus hominis, იწვევს. იგი ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ პათოგენი ორგანიზმში ინფიცირებული ინდივიდის მიერ საუბრისას, დახველებისას ან დაცემინებისას ცხვირიდან და პირიდან გამოფრქვეული ნაწილაკების სახით ხვდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები