ცვლილებები მაისიდან

2025-04-26 17:48:04

დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ.

როგორც საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით; ამასთან, აღნიშნული ქმედება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან.

ცვლილებები მაისიდან - დამსაქმებლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება

საპენსიო სააგენტოს ცნობით, არ ჯარიმდებიან პირები, რომლებიც შემოწმებამდე სრულად შეასრულებენ 2025 წლის მაისამდე პერიოდში წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებებს.

ცნობისთვის, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მონიტორინგს 2024 წლის 1-ლი ივნისიდან საპენსიო სააგენტო ახორციელებს.

ამასთან, 2025 წლის 1-ლი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე (მაგალითად, დამსაქმებლის შემთხვევაში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა), დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა უნდა უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა/განთავსება/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე და წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.

ხოლო, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის 2025 წლის 1-ლი მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

ამასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლების გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.

როგორც საპენსიო სააგენტო განმარტავს, სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდისთვის შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი, ირიცხება ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შემდგომაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაციები და შესაბამისი თანხა ნაწილდება შესაბამისი მონაწილეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე.