რუსთავი-თბილისის ავტობანი ფონიჭალას აღარ გაივლის

2025-04-12 17:47:09

თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალის მეორე მონაკვეთის პროექტში ცვლილებები შედის. ამის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის თანახმად, საპროექტო გზა ფონიჭალას აღარ გაივლის.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული მონაკვეთის დასასრულებლად განიხილებოდა რამდენიმე ალტერნატიული პროექტი, სხვადასხვა ვარიანტი ერთმანეთს 10-მდე კრიტერიუმით შედარდა და "გარემოზე ნაკლები ზემოქმედების" ნიშნით, არჩევანი ამ კონკრეტულზე გაკეთდა.

შერჩეული პროექტის მიხედვით, ალტერნატიული გზა რკინიგზის ხიდის მახლობლად დაიწყება. რუსთავი-თბილისის ავტობანი ჯერ მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება ხიდით, შემდეგ კი კვლავ სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდინარე მტკვარს.



"ალტერნატივა იწყება რკინიგზის ხიდის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ნახაზზე ნაჩვენებია ნარინჯისფერი ისრით).  

კმ 5-დან კმ 5+190-მდე გადის მდინარის ჭალისზედა ტერასაზე, ე.წ. ქვემო ფონიჭალის დასახლების აღმოსავლეთ კიდეზე,  

კმ 5+190-დან პირველი სახიდე გადასასვლელით (BR1) საპროექტო ტრასა კვეთს მდ. მტკვრის
კალაპოტს და კმ 5+340-დან გადადის მეორე ნაპირზე, საიდანაც კმ 7+030-მდე უშუალოდ 
მიუყვება მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს.

კმ 5+400 -დან კმ 5+860 მონაკვეთში საპროექტო ტრასა განლაგებულია მდ. მტკვრის მარცხენა
ტერასაზე.

კმ 5+710-თან საპროექტო საავტომობილო გზა კვეთს მდ. მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს (BR2), სადაც იგეგმება მეორე სახიდე გადასასვლელის მოწყობა.

კალაპოტის მიმდებარე ზონაში მდინარის გასწვრივ მოეწყობა მიახლოებით 1.2 კმ ნაპირსამაგრი.

მდინარის მარცხენა სანაპიროზე გარდაბნის გზატკეცილთან დამაკავშირებელი კვანძის (IC1) შემდეგ, კმ 7+030-დან კმ 7+140-მდე მესამე სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა კვეთს მდინარე მტკვრის კალაპოტს, ამ მონაკვეთში მდინარე მტკვარი ორად იტოტება და შუაში წარმოქმნილია ე.წ "კუნძული".

კმ 7+140-დან ტრასის ბოლომდე საპროექტო გზა კვლავ მარჯვენა ნაპირზე ინაცვლებს. გადის საწარმოო, მცირე მონაკვეთზე-დასახლებულ ზონას.

კმ 7+370-დან კმ 7+640-მდე საპროექტო ტრასა განლაგებულია საავტომობილო გზისთვის მოწყობილ ყრილზე.

გზის ბოლო მონაკვეთზე დაგეგმილია მცირე ზომის ოვალური კვანძის (IC2) მოწყობა ადგილობრივი გზისთვის.

IC1 კვანძის მეშვეობით ალტერნატივა იძლევა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დაკავშირების დამატებით საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია", - ნათქვამია ანგარიშში.

შერჩეული ალტერნატივის ფარგლებში, პროექტით გათვალისწინებულია, ჯამში, 7 ხიდის მოწყობა, მათგან 2 მდინარე მტკვრის კვეთაში ეწყობა. აღნიშნული ხიდების სიგრძე 378 მეტრია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საავტომობილო გზა იქნება 4-ზოლიანი, ხოლო საპროექტო სიჩქარე 80 კმ/სთ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები