რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლების გადამზადების პროექტი

2025-02-22 18:21:15

რუსთავის მერიამ, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად ბაგა-ბაღების თანამშრომლების გადამზადების პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა.

პროგრამის ფარგლებში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა, ნოვატორი მეცნიერის - შალვა ამონაშვილისგან  მოისმინა.

პროექტის საგანმანათლებლო ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც უკვე დასრულებული სასწავლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია, პროფესორმა შალვა ამონაშვილმა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებსა და პედაგოგებს წარუდგინა.

"რუსთავის ბაგა-ბაღების პედაგოგებმა და აღმზრდელებმა ჰუმანურ პედაგოგიკაში ერთწლიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. მე გაოცებული ვარ ქალაქის ხელმძღვანელობის შემართებით, რომელმაც მოინდომა და ტრენინგ კურსში რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა აღმზრდელ-პედაგოგი ჩართო. სასწავლო პროცესი დასრულდა, მაგრამ საქმე არ დასრულებულა, გაწეული სამუშაოს შედეგს, ჩვენ რამდენიმე წელში ვნახავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ რუსთავში, ყოველ წელს სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდეს, რომელშიც ბაგა-ბაღების პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა პროფესორმა შალვა ამონაშვილმა.

პროექტი, რუსთავის მერიამ, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პრეზენტაციას რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და შალვა ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.