რუსთავის მერია ახალ სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.
პროექტი ორ ახალ პროგრამას - შაბათ კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების განხორციელებას მოიცავს.
შაბათ-კვირის სპორტული სკოლა, 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის, სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში, თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობა იქნება.
პროექტის ფარგლებში, ლექციებს, რუსთაველ ბავშვებს, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები წაუკითხავენ.
"რუსთავში სპორტის სასახლის სახით შეიქმნა უნიკალური სპორტულ-საგანმანათლებლო სივრცე. რუსთავის მერიის გუნდს ამ ახალ სივრცეში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით განათლების მიმართულებით შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. დღეს, ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს - შაბათ კვირის სკოლას, რომელიც განათლების მიმართულებით მოემსახურება, როგორც ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ზრდიან ახალ თაობებს და მათ სპორტულ წარმატებებში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რაც შეეხება მეორე ახალ პროექტს, ის რუსთავში მოქმედი სპორტული სკოლების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სპორტულ სკოლებში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად. პროექტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში 63 რუსთაველი მწვრთნელი იქნება ჩართული.
სპეციალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი, სერტიფიკატს მიიღებს. პროექტები, რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში განხორციელდება.