გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" მოთავსებული 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ პატიმრის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
ღურწკაიას თქმით, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".
"გლდანის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ავარიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია, ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საქმეზე მის ინტერესებს ვიცავდი, უპატიოსნესი ადამიანია. ის 23 იანვარს შეიყვანეს "ვივამედში" ინსულტის ნიშნებით. რეალურად, ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო. რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.
მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თაბამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა", - განაცხადა ღურწკაიამ.
ცნობისთვის, იოსებ გორგაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ "ვივამედში" მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ლევან იოსელიანი გამოძიებას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმარი ვენტილაციის აპარატზეა.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, ინფორმაციას კი პენიტენციურ დაწესებულებას აწვდის.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პატიმარი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ მხარდაჭერაზე იმყოფება. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა.
დაზიანებების, კონკრეტული დიაგნოზის, მკურნალობის შესახებ, სრულ ინფორმაციას ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს", - განაცხადა ჩხაიძემ.