"სტიპენდია სტუდენტებისთვის 200 ლარამდე გაიზრდება"

2025-01-30 13:20:19

რუსთავში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარამდე გაიზარდა.

ცვლილება სოციალური პროგრამაში 2025 წლიდან ამოქმედდა. გასულ წლებში სტუდენტები 100-ლარიან სტიპენდიას იღებდნენ.

პროგრამის "პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის" შესახებ მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ:

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

ქვეპროგრამის მიზანია, რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, 18 წლის ასაკიდან პირებისთვის, პროფესიული პროგრამების შესწავლის წახალისება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პროფესიული პროგრამების დანერგვის და პოპულარიზაციის მხარდაჭერა.

დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის ყოველთვიურად 200 ლარით წახალისებას პროფესიული პროგრამის დასრულებამდე".

შესაბამისი ცვლილებები ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა.