ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვეტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.
“[PACE] საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიღებამდე საქართველოს დელეგაციის წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს ასამბლეის წევრებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ რეზოლუციისთვის.
„გმადლობთ, ბატონო თავმჯდომარევ, მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით.
საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას.
თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი - I'llდათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რატომ ვთვლით ასე.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, - განაცხადა წულუკიანმა.