ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვიურ, ხოლო 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - 11.26%.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდზე.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვეების მიხედვით, ასე იცვლებოდა:
იანვარი- 11.49%
თებერვალი - 11.49%
მარტი - 11.46%
აპრილი - 11.17%
მაისი - 11.3 %
ივნისი - 11.4 %
ივლისი - 11.57 %
აგვისტო - 11.67 %
სექტემბერი -11.8 %
ოქტომბერი - 11.85 %
ნოემბერი - 12.03 %
დეკემბერი - 12.63 %
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
"ბიზნესპრესნიუსი"